ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციისგან უახლოესი დღეების განმავლობაში კონკრეტულ კომპრომისულ შემოთავაზებებს ელოდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებულ "ჩარჩო შეთანხმებაში" მრავალი საკითხი, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც არის შეტანილი.
"გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც, როგორც ჩვენ ვამბობდით, ბოლო დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა", - აცხადებს მდინარაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ მოლაპარაკების ჩარჩოში მრავალი საკითხი, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც არის შეტანილი, თუმცა ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, მიშელის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ხელისუფლებისთვის "წითელი ხაზია".
პარტიის აღმასრულებელი მდივანიც დაზუსტების გარეშე აცხადებს, რომ დოკუმენტში "რამდენიმე საკითხზე" მოლაპარაკება "შეუძლებელია", თუმცა გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, ამ საკითხების განხილვასაც დასაშვებად მიიჩნევს.
"აქედან არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა", - აცხადებს მდინარაძე, - "თუმცა გარკვეული დათქმების პირობებში, შეიძლება ამ საკითხებზეც ვილაპარაკოთ".
16 მარტს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ბრიუსელს უნდა ეწვიოს. პოლიტიკურ და მედიაწრეებში არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ პრემიერმინისტრის ვიზიტამდე ხელისუფლება შეეცდება, მოლაპარაკებების პროცესში ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა ევროპის საბჭოში კონკრეტული შედეგებით ჩავიდეს.